შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. უწყება კატეგორიულად უარყოფს ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების ჩამონგრევის შედეგად ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 მათგანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გავრცელებული ვიდეომასალა და თანმხლები ტექსტი სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების შეფასებით, მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკისა და უსაფუძვლო შიშის დათესვას.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ ფეისბუქგვერდს მსგავსი სენსიტიური და გადაუმოწმებელი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ წყაროებს, რათა თავიდან აიცილონ დეზინფორმაციის გავრცელება.
ცნობისთვის, გავრცელებული ყალბი ვიდეო უკავშირდება ოპოზიციის პროპაგანდისტად მოხსენიებულ თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებულ ანგარიშს.






დისკუსია
0 კომენტარი