ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ხუთი დღის წინ გაზის აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები სრულად დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაზარალებული 143 ადამიანი სხვადასხვა სასტუმროშია განთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, ახალ ბინებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.
დაშავებულთა მდგომარეობა
აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები კვლავ სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან. მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურია.
განსხვავებულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.
„პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ვახერხებთ. სასუნთქი გზების თერმული დაზიანება და ბაროტრავმა აქვს მიღებული, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა და პროგნოზი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია“, — აცხადებს გუგა ქაშიბაძე.







დისკუსია
0 კომენტარი