სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ-იოლს, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უკავშირდება 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების წარუმატებელ მცდელობას და ამისთვის ნიადაგის მომზადების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს.

სასამართლოს დადგენილებით, იუნ სოკ-იოლმა ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის პროვოცირება სცადა, რათა გაემართლებინა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის დაწესება. გამოძიების თანახმად, ყოფილმა პრეზიდენტმა პირადად გასცა სანქცია 2024 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს მიღმა დრონების გაშვების ოპერაციაზე, რაც მიზნად ისახავდა რეგიონში სიტუაციის მაქსიმალურ დაძაბვას.

სასამართლომ მკაცრი განაჩენი გამოუტანა იუნის გარემოცვასაც. ყოფილ თავდაცვის მინისტრს, კიმ იონ-ჰიონს, ასევე 30 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსს, იო ინ-ჰიონს — 15 წლით.

აღსანიშნავია, რომ იუნ სოკ-იოლს წარსულში უკვე ჰქონდა მისჯილი სამუდამო პატიმრობა აჯანყების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. სპეციალურმა პროკურორმა ამ საქმეზე ყოფილი ლიდერისთვის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა, თუმცა სამხრეთ კორეაში ამ სასჯელზე 1997 წლიდან მორატორიუმი მოქმედებს.

მოვლენათა ქრონოლოგია

კრიზისი 2024 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, როდესაც იუნ სოკ-იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა. მან ეს ნაბიჯი „ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლის“ აუცილებლობით ახსნა.

ექვსსაათიანმა დეკრეტმა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები, აქციები და გაფიცვები აკრძალა, შემოიღო ცენზურა და სამხედრო სასამართლოები სიკვდილით დასჯის უფლებამოსილებით აღჭურვა. პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება აჯანყების მცდელობად შეაფასეს და პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

65 წლის იუნი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ მოქმედებდა კანონის ფარგლებში და სურდა ყურადღება მიეპყრო ოპოზიციის მიერ მთავრობის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე.

გარდა სამხედრო მდგომარეობის საქმისა, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ რვა სხვა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ისინი ეხება მისი მეუღლის სავარაუდო კორუფციულ სქემებს და 2023 წელს საზღვაო ქვეითის გარდაცვალების საქმეს.