„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ წერილობით მიმართვაში აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან „მოგონილი სასჯელები“ მას საქმიანობას ვერ შეაჩერებს. ხოშტარია მკაცრად აკრიტიკებს მმართველი გუნდის ქმედებებს და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობაზე პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან აქტიურად მუშაობს მოღალატე რუსების დასანქცირების საკითხზე. მისი თქმით, ამ პროცესში ის თანამშრომლობდა როგორც უკრაინასთან, ისე დიდ ბრიტანეთთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ხოშტარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საქმით ამაყობს და მისი გაგრძელება პრიორიტეტად რჩება.

მიმართვაში ხოშტარია ეხმიანება საპროტესტო აქციების დროს გამოყენებულ ნივთებსაც. მისი განმარტებით, ლაზერი, გენერატორი თუ სხვა არაძალადობრივი აღჭურვილობა მას აქციებისთვის სჭირდებოდა და კვლავაც გამოიყენებს საჭიროებისამებრ. „არასწორია ლაზერის ძალადობრივ იარაღად წარმოჩენა, ძალადობა სწორედ ისაა, რასაც მე ვებრძვი“, - წერს იგი.

ხოშტარია ასევე მიმართავს სამართალდამცავებს და აფრთხილებს, რომ ძალადობრივი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ. მან გაიხსენა წარსულში მომხდარი ინციდენტები, სადაც, მისი თქმით, პოლიციამ ძალის გადამეტებით იმოქმედა.

წერილის ბოლოს ელენე ხოშტარია კრიტიკულად მოიხსენიებს სასამართლო სისტემასაც და აცხადებს, რომ მისი ბრძოლა „ბოლომდე“ გაგრძელდება, მიუხედავად მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა.