სანქტ-პეტერბურგი და ლენინგრადის ოლქი დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ინციდენტის შედეგად ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა, რაც ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმაც დაადასტურა.
რუსული Telegram-არხების, მათ შორის Astra-ს ინფორმაციით, თავდასხმა მიმართული იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტისკენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს ცეცხლის ალი და კვამლის სვეტები, რომლებიც ნავთობტერმინალის მიმდებარედ დაფიქსირდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, რეგიონის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. თუმცა, ოფიციალურ უწყებებს ნავთობტერმინალზე მიყენებული ზიანის ან თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.
ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აფეთქებების სერიის შესახებ იუწყება, რასაც მოჰყვა ხანძრის გაჩენა. ვითარება რეგიონში კვლავ დაძაბულია, ექსპერტები კი საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ, რადგან დრონებმა პეტერბურგის ინფრასტრუქტურამდე მიღწევა შეძლეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.