პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამართალდამცველებს მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ყოველდღიურ რეჟიმში, პოლიციელების თავდადებისა და შრომის შედეგად შენდება.
თამაზაშვილის განცხადებით, პოლიციის დღე მხოლოდ პროფესიული თარიღი არ არის. მისი თქმით, ეს დღე ერთგულების, თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლოა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, ის პირველ რიგში პოლიციელია.
„ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის ფორმის ტარება. ვიცი, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და თავგანწირვა დგას თითოეული პოლიციელის უკან. პოლიციელობა ნიშნავს, სხვისი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა საკუთარზე მაღლა დააყენო“, — განაცხადა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას სულხან თამაზაშვილმა პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირებს. მან აღნიშნა, რომ დაღუპული პოლიციელების სახელი და მათი გაღებული მსხვერპლი ქვეყნის ისტორიისა და ღირსების განუყოფელი ნაწილია.
მინისტრმა სამართალდამცველებს მოუწოდა, იამაყონ საკუთარი საქმიანობით, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება. მისი თქმით, პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია — ეს არის არჩევანი, ემსახურო სახელმწიფოს და იდგე იქ, სადაც ქვეყანას დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება.
ღონისძიების ფარგლებში, პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომლებმაც სამართალდამცავი სისტემის მაღალ პროფესიონალიზმსა და საზოგადოებრივ ნდობაზე ისაუბრეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.