თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ამერიკული სტანდარტების მრავალფუნქციური კომპლექსის - Trump Tower-ის მშენებლობა სექტემბერში იწყება. ინფორმაციას პროექტის განმახორციელებელი კომპანია Archi-ს დამფუძნებელი ილია წულაია ავრცელებს.
70-სართულიანი ცათამბჯენი მასშტაბური ინვესტიციაა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებაში უშუალოდ აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის ვაჟები მონაწილეობენ.
რა იქნება კომპლექსში?
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ნაგებობის საერთო ფართობი 600 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწევს. კომპლექსი აერთიანებს:
- საცხოვრებელ აპარტამენტებს პრემიუმ კლასის სტანდარტებით;
- საერთაშორისო დონის სასტუმროს;
- თანამედროვე საოფისე სივრცეებს;
- კომერციულ და სავაჭრო ფართებს.
„ხარისხი იქნება უმაღლესი სტანდარტის. პროექტირების დასრულების შემდეგ ზუსტად დაითვლიან თვითღირებულებას და აქედან გამომდინარე განსაზღვრავენ ფინალურ ფასს,“ - განაცხადა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის მაღალი სტანდარტები პირდაპირ აისახება ფასზე, კომპანიის მიზანია, პროექტი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების საბოლოო ეტაპი, რის შემდეგაც სამშენებლო ტექნიკა უშუალოდ ობიექტზე გადაინაცვლებს. აღნიშნული პროექტი თბილისის ურბანული განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და ამბიციურ ინიციატივად სახელდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.