თბილისში დაგეგმილი 70-სართულიანი Trump Tower-ის მშენებლობა კრიტიკული განხილვების საგანი გახდა. „The Guardian“-ის ინფორმაციით, ცათამბრჯენი იმ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს, რომელიც ამჟამად „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს“ საკუთრებაშია.
ვინ ფლობს მიწას?
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „ფონდი ქართუ“ სრულად „Cartu Group JSC“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის 35%-ს ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი ფლობს. უტა ივანიშვილმა წილი 2024 წელს შეამცირა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის სანქციების ქვეშ 2024 წელს მოექცა. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, სანქციები დაწესდა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის“.
პარტნიორები და დეველოპერები
პროექტს „Trump Organization“-ი ადგილობრივ კონსორციუმთან ერთად ახორციელებს. კონსორციუმში შედიან „Archi Group“, „Biograpi Living“, „Blox Group“, „Finvest Georgia“ და აშშ-ში დაფუძნებული „Sapir Organization“. აღსანიშნავია, რომ არცერთ ამ კომპანიას ან მათ ხელმძღვანელს სანქციები არ შეხებია.
„Archi Group“-ის დამფუძნებელი ილია წულაია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია, ხოლო „Biograpi Living“ „ვისოლ ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც სოსო და ლევან ფხაკაძეები ფლობენ. მხარეებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ინტერესთა კონფლიქტის რისკები
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი სანდრო კევხიშვილი მიიჩნევს, რომ პროექტი მხოლოდ ბიზნესგარიგება არ არის. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური პროექტია, რომელიც ივანიშვილის ოჯახისა და აშშ-ის პრეზიდენტის კომპანიის კავშირებს ეფუძნება.
„პროექტი კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან ის უკავშირდება როგორც სანქცირებული პირის ოჯახს, ისე მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნეს სტრუქტურებს“, – აღნიშნავენ ექსპერტები.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიკვაური აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის უდიდესი ნაწილი ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა და მასზე „ცენტრალური პარკი“ შენდება, ხოლო დარჩენილი ნაწილის გასხვისებაზე ხელშეკრულება 2023 წელს გაფორმდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.