აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვალში ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებული თავდასხმა განზრახ არ მომხდარა. ტრამპის თქმით, მიმდინარე გამოძიება მიუთითებს, რომ ეს იყო სამხედრო შეცდომა.

ირანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 28 თებერვალს, კონფლიქტის პირველ დღეს, სკოლაზე განხორციელებულმა დარტყმამ 175-ზე მეტი ბავშვისა და მასწავლებლის სიცოცხლე იმსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ომის პირობებში შეცდომები გარდაუვალია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სამიზნე სკოლა არ ყოფილა.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სამხედროების წინასწარმა შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ დარტყმაზე პასუხისმგებლები, სავარაუდოდ, ამერიკული ძალები იყვნენ. პენტაგონმა მოგვიანებით გამოძიება გააფართოვა, თუმცა წინასწარი დასკვნები ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

გამოძიების პროცესს ართულებს ის ფაქტი, რომ სკოლა, სავარაუდოდ, ირანის ამჟამინდელ სარაკეტო ბაზასთან ახლოს მდებარეობს. სკოლის ვებსაიტის საარქივო მონაცემები ადასტურებს, რომ დაწესებულება „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ მართულ კომპლექსს ესაზღვრება.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის განცხადებით, საქმის შესწავლა დასკვნით ეტაპზეა. წყაროებზე დაყრდნობით, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსიაა, რომ სამიზნეების რუკების შედგენისას აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოძველებული სადაზვერვო მონაცემები გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის პოზიცია ინციდენტთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავდაპირველად პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ირანს აკისრებდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა და შედეგებს ელოდებოდა.