კრიშტიანუ რონალდუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჰიუსტონში გამართულ მატჩში პორტუგალიელებმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მხოლოდ ფრეს, 1-1-ს მიაღწიეს.
41 წლის ვარსკვლავმა, რომელიც ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, გუნდს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე.
„არაფერი გვაკლდა. ასეთია ფეხბურთი. პორტუგალიას შეეძლო მოეგო, თუმცა შეიძლებოდა წაგებულიც დავრჩენილიყავით“, — განაცხადა რონალდუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმედგაცრუებული შედეგისა, ტურნირი ჯერ მხოლოდ იწყება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში რონალდუმ გულშემატკივრებს მოუწოდა, არ დაკარგონ ოპტიმიზმი. „ეს არ იყო ის სტარტი, რომელიც გვსურდა, მაგრამ ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი შორსაა დასრულებისგან. თავი მაღლა და ფოკუსირება მომდევნო თამაშზე“, — წერს ფეხბურთელი.
აღსანიშნავია, რომ რონალდუსთვის ეს მატჩი შედეგიანი არ გამოდგა. მან 90 წუთი ითამაშა, თუმცა მისი სამივე დარტყმა კარს აცდა. სტატისტიკის მიხედვით, კრიშტიანუს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე პენალტის გარდა გოლი 2021 წლის 19 ივნისის შემდეგ არ გაუტანია.
პორტუგალიის ნაკრების შემტევმა ჟოაო ფელიქსმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის თამაში დადებითად შეაფასა. მისი თქმით, აფრიკული გუნდისთვის ეს ისტორიული ქულა იყო, რამაც მათ დამატებითი მოტივაცია მისცა.
„პირველი თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. მაშინაც კი, თუ მოწინააღმდეგე რეიტინგით დაბლა დგას, ისინი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან. ჩვენ აუცილებლად გავაუმჯობესებთ თამაშს“, — განაცხადა ფელიქსმა. პორტუგალია მომდევნო შეხვედრას ჰიუსტონში უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 27 ივნისს კი ჯგუფის ფინალურ მატჩში კოლუმბიას დაუპირისპირდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.