აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ომის დასრულების საკითხი პირდაპირი დიალოგით უნდა მოაგვარონ. ტრამპის თქმით, მას არ აქვს წინააღმდეგობა, თუკი მხარეები მოლაპარაკებებს ვაშინგტონის პირდაპირი ჩართულობის გარეშე დაიწყებენ.

„მე წინააღმდეგი არ ვარ. დაე, თავად მოაგვარონ. მე ისინი ამ სიტუაციამდე მივიყვანე და ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება“, — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დრო უკვე ახლოვდება.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ ეს კონფლიქტი თავიდანვე არ უნდა დაწყებულიყო. მისი მტკიცებით, თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი საერთოდ არ დაიწყებოდა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ სიტუაცია დარეგულირდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ტრამპის განცხადება მოდის იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად მსჯელობს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შესაძლებლობებზე.