ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 8 ივნისს რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ძამბოლატ თადთაევმა, რომელიც ამ თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვლიდან იკავებდა, გადადგომის შესახებ განაცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მთავრობის ახალ ხელმძღვანელად მარატ კამბოლოვი წარადგინა. კამბოლოვი, რომელსაც რუსეთის ფედერალურ უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 27 მაისიდან გაგლოევის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

რუსული კვალი და ახალი დანიშვნა

მარატ კამბოლოვის კანდიდატურა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კამბოლოვის რუსეთის მოქალაქეობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მისი კარიერა პირდაპირ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებს.

სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის განათლების სამინისტროში, ეროვნულ საქმეთა და ფედერაციულ ურთიერთობათა სამინისტროში, ასევე ხელმძღვანელობდა „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ეროვნულ კვლევით ცენტრს. კამბოლოვის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ, მისი მთავარი ფუნქცია 9 მაისს ხელმოწერილი „მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულების იმპლემენტაციის ზედამხედველობა იყო.

რუსეთთან ინტეგრაციის „ახალი ეტაპი“

გადადგომისა და დანიშვნის საკითხი დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე განიხილეს, სადაც ყურადღება გამახვილდა მოსკოვთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ცხინვალსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „ახალი ეტაპი“ იწყება.

9 მაისს გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც ოფიციალური თბილისი რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს, მხარეებს შორის ინტეგრაციის ახალ მექანიზმებს ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტი უშვებს შესაძლებლობას, რომ ორივე მხარის „მოქალაქეებმა“ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები ერთმანეთის სტრუქტურებში.

კამბოლოვის პასუხისმგებლობებში ასევე შედიოდა საინვესტიციო თანამშრომლობის, ინფრასტრუქტურული პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების კოორდინაცია. როგორც ჩანს, მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობს რეგიონის მართვის პროცესებში საკუთარი კადრების პირდაპირ ჩართვას.