ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მთავრობის მეთაურის პოსტზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურას წარადგენს. ინფორმაციას დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „რეს-ი“ ავრცელებს.

კადრების ცვლილება ძამბოლატ ტადტაევის გადადგომას მოჰყვა. გაგლოევმა ყოფილ „პრემიერს“ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე მოვალეობის შესრულება კონსტანტინ ჯიოევს დაევალა.

გაგლოევის პრესსამსახურის განცხადებით, ახალი პრემიერის მთავარი ამოცანა რუსეთთან მაისში გაფორმებული „სამოკავშირეო თანამშრომლობის“ შეთანხმების ეფექტური შესრულება იქნება. დოკუმენტი ითვალისწინებს ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების ინტეგრაციას.

მარატ კამბოლოვი, რომელიც მაისის ბოლოს პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩევლად“ დაინიშნა, 61 წლისაა. ის გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, თუმცა მისი კარიერა სრულად რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურთან არის დაკავშირებული.

კამბოლოვი „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. მანამდე ის მუშაობდა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ და სხვადასხვა სააგენტოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მას მინიჭებული აქვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი.

ექსპერტთა შეფასებით, კამბოლოვის წარდგენა კრემლის მიერ „გარე მმართველის“ დანიშვნის სტრატეგიას ჰგავს. ოკუპირებულ რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მოსკოვი ცდილობს, ადმინისტრაციული მართვის ახალი მოდელი დანერგოს. საგულისხმოა, რომ 2027 წელს რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, რისთვისაც კრემლი, სავარაუდოდ, წინასწარ იჭერს თადარიგს.