უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია.

ზელენსკის თქმით, კიევი და კიშინიოვი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ. „ჩვენ ამ მომენტისთვის ბევრი ვიშრომეთ. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინამ და მოლდოვამ ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. მოლდოვასთან ჩვენი მეზობლობა ძლიერია. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ევროკავშირისკენ წინ ერთად მივიწევთ და იქ ერთად მივალთ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია. მისი თქმით, ეს პროცესი არ უნდა შეფერხდეს.

მზადყოფნა შემდგომი ნაბიჯებისთვის

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კუთხით მასშტაბური სამუშაო გასწია. მან დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე სრულად არის მზად მოლაპარაკებების შემდგომი კლასტერების გასახსნელად.

„ჩვენ ყველა კლასტერის გასახსნელად მზად ვართ. ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. ეს ევროპაში ყველამ იცის“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის განცხადებით, კლასტერების გახსნის დაჩქარება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც დაადასტურებს ევროკავშირის სიმტკიცეს და მის ერთგულებას გაფართოების პოლიტიკისადმი.

ამჟამინდელი ეტაპი ევროინტეგრაციის პროცესში, ზელენსკის შეფასებით, არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა, არამედ გეოპოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.