ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. განახლებულ სიაში 80-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, რომლებიც ბრიუსელის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს მხარს უჭერენ ან სანქციების გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობენ.
სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის გენერალური პროკურორი ალექსანდრ გუცანი და ყირიმის მიტროპოლიტი ტიხონი (გეორგი შევკუნოვი). ტიხონი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ფიგურად მიიჩნევა, რომელსაც მედია ხშირად პრეზიდენტის სულიერ მოძღვრად მოიხსენიებს.
სიაში მოხვდნენ ისეთი პირებიც, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებთან ასოცირდებიან. მათ შორისაა ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტახოვი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ოლეგ ნეფიოდოვი. ნეფიოდოვი ცნობილია გადაწყვეტილებებით, რომლითაც მან ე.წ. „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულად გამოაცხადა, ხოლო „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და „რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ - ტერორისტულ ორგანიზაციებად.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებულ პირებს. სანქციები დაუწესეს ომსკის საავადმყოფოს ყოფილ მთავარ ექიმს, ალექსანდრ მურახოვსკის და მწვავე მოწამვლის განყოფილების ხელმძღვანელს, ალექსანდრ საბაევს. სიაში ასევე მოხვდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) თანამშრომლები, რომლებსაც ოპოზიციონერის მოწამვლასთან კავშირში ადანაშაულებენ: ოლეგ ტაიაკინი, ვალერი სუხარიოვი, ალექსეი კრივოშჩეკოვი, მიხაილ შვეცი და ვასილი კალაშნიკოვი.
სანქციები შეეხო მედიასა და პროპაგანდისტულ წრეებსაც. შეზღუდვები დაუწესეს ომის მომხრე ბლოგერ კირილ ფიოდოროვს, RT Documentary-ს პროდიუსერ ოლგა კირის, „კომერსანტის“ მიმომხილველ იგორ მალცევს, „კრიმსკაია გაზეტას“ რედაქტორ მარია ვოლკონსკაიას და მწერალ რომან ანტონოვსკის.
იურიდიულ პირებს შორის არიან არა მხოლოდ რუსული საწარმოები, არამედ კომპანიები ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანიდან და ლიბერიიდან. საუბარია დრონების მწარმოებელ ქარხნებზე, ლოგისტიკურ ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებზე, რომლებიც, ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამართულ მუშაობას უწყობენ ხელს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.