„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა არარეალისტურია. მისი თქმით, მმართველი გუნდი დასავლეთთან რეალურ თანამშრომლობას არ ისახავს მიზნად.
ჯაფარიძემ ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი ვაშინგტონთან რაიმე ტიპის ფორმალიზებაზე.
რა არის პარტნიორობის მთავარი წინაპირობა?
პოლიტიკოსის თქმით, დისკუსიის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის ინტერესების თანხვედრა იყო. ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკული მხარის ინტერესები პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
„საუბარი იყო იმაზე, როგორ შეიძლება ინტერესების დამთხვევა. ამის წინა პირობა არის დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა. როცა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზე ვსაუბრობთ, ამას სჭირდება ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლები, რაც დღეს ქვეყანაში არ გვაქვს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეალური დაახლოება არ სურს. ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანი დასავლელ პარტნიორებთან გადაღებული ფოტოებია.
იზოლაციის პოლიტიკა
„მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რამენაირად ფოტო დადონ, სადაც კობახიძე ან ვიღაც ხელს ართმევს რუბიოს. ამის იქით არანაირი ეკონომიკური ინტერესები არ არსებობს. წლები გახარჯეს იმაზე, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექციათ“, - განაცხადა ოპოზიციონერმა.
ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ამერიკული კომპანიების შემოსვლა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ის არ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი არიან, საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საპატრიარქოში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.