თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ახალი რეგულაციების პროექტი, რომელიც არსებითად ცვლის აშშ-ის ფედერალური სამეცნიერო გრანტების გაცემის პროცესს. დოკუმენტის მიხედვით, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე საბოლოო სიტყვა არა დამოუკიდებელ ექსპერტებს, არამედ პოლიტიკურ დანიშნულების პირებს ექნებათ.
ცვლილებების არსი
412-გვერდიანი დოკუმენტი მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) კონტროლს აძლიერებს. ეს უწყება ამჟამად რასელ ვოუტის ხელმძღვანელობით მუშაობს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის „პროექტი 2025“-ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია.
ახალი წესები სამეცნიერო სააგენტოების მაღალჩინოსნებს ავალდებულებს, თითოეული კვლევითი პროექტი პრეზიდენტის პრიორიტეტებთან შესაბამისობის კუთხით შეამოწმონ. ეს ეხება რასობრივ და გენდერულ საკითხებსაც. მანამდე არსებული პრაქტიკით, გრანტებს დამოუკიდებელი სამეცნიერო საბჭოები აფასებდნენ.
ექსპერტების კრიტიკა
მეცნიერები და დარგის სპეციალისტები ამ გადაწყვეტილებას „მეცნიერების პოლიტიზაციას“ უწოდებენ. „ეს არის მცდელობა, ექსპერტული ცოდნა პოლიტიკური ლოიალობის ტესტით ჩაანაცვლონ“, — აცხადებენ „შეშფოთებულ მეცნიერთა კავშირში“.
კრიტიკოსების თქმით, ახალი რეგულაციები საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ კვლევებს. შესაძლოა, ადმინისტრაციამ დაბლოკოს ისეთი პროექტები, რომლებიც მათთვის პოლიტიკურად მოუხერხებელ შედეგებს აჩვენებს ან კავშირშია ინდუსტრიებთან, რომლებიც პოლიტიკურ გავლენებს ექვემდებარებიან.
საერთაშორისო თანამშრომლობა და კონფერენციები
რეგულაციები მკაცრად ზღუდავს საერთაშორისო თანამშრომლობასაც. კვლევებში უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა მხოლოდ ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე იქნება დაშვებული, პრიორიტეტი კი შიდა, ამერიკულ პროექტებს მიენიჭებათ.
ამასთან, მკაცრდება კონფერენციებზე დასწრების წესებიც. მეცნიერებს დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდებათ, თუ კონფერენციაში მონაწილეობა წინასწარ, წერილობით იქნება დამტკიცებული სააგენტოს მიერ, რაც სამეცნიერო დისკუსიების დინამიკას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
„ეს არ არის გრანტების მართვის რეფორმა. ეს არის პოლიტიკური კონტროლის აპარატი, რომელიც ფედერალური მეცნიერების დაფინანსების ყველა ეტაპზე იჭრება“, — აცხადებს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ყოფილი თანამშრომელი ელიზაბეტ ჯინექსი.
საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებს აღნიშნული ცვლილებების განსახილველად მხოლოდ 45 დღე აქვთ, რაც დარგის ექსპერტების შეფასებით, ასეთი მასშტაბური ცვლილებისთვის არასაკმარისი დროა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.