ინგლისში მშობიარობის სტატისტიკა მკვეთრად შეიცვალა. BBC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი გადაუდებელი საკეისრო კვეთის გზით იბადება. ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რვა პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
პარალელურად, შემცირდა ბუნებრივი გზით, ინსტრუმენტული ჩარევის გარეშე მშობიარობის წილი. თუ ადრე ეს მაჩვენებელი მშობიარობათა ნახევარზე მეტს შეადგენდა, ახლა 43%-ს შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენცია სხვა ევროპულ ქვეყნებში არ ფიქსირდება. პროფესორ მარიან ნაითის განცხადებით, ეს არის სრული ცვლილება იმისა, თუ როგორ მშობიარობენ ქალები ინგლისში. თუმცა, მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან NHS-ს არ გააჩნია დეტალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა თითოეული ოპერაციის საჭიროება.
სპეციალისტების ნაწილი შიშობს, რომ სამშობიარო განყოფილებებში არსებული „შიშის კულტურა“ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ბოლო წლებში მომხდარმა გახმაურებულმა სამედიცინო სკანდალებმა, სადაც მშობიარობის დროს დაშვებული შეცდომები მძიმე შედეგებით დასრულდა, ექიმებსა და პაციენტებში სიფრთხილის ზომები გაზარდა.
სამეფო მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალი და საოპერაციო ბლოკები გაზრდილ მოთხოვნას ძლივს უმკლავდებიან. „თუ არ მოხდება ინვესტირება სამუშაო ძალასა და ინფრასტრუქტურაში, შესაძლოა, მომავალში საჭირო გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებაც კი გართულდეს“, — ამბობს კოლეჯის პრეზიდენტი, დოქტორი ელისონ რაიტი.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ცვლილება მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის ეკონომისტების გათვლებით, რუტინული ბუნებრივი მშობიარობა დაახლოებით 4 800 ფუნტი ჯდება, მაშინ როცა გადაუდებელი საკეისრო კვეთის ღირებულება 9 000 ფუნტს უახლოვდება.
პაციენტებისთვის ეს პროცესი ხშირად ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდა დედები, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ, ხშირად სტრესულ მდგომარეობაში არიან, რადგან მოვლენების ასეთი განვითარება მათთვის მოულოდნელია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.