ლონდონის King's College-ის საავადმყოფომ მედიცინის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. დაწესებულებამ შენობის სახურავზე რეანიმაციული განყოფილება გახსნა, რაც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით პირველი პრეცედენტია.
29 წლის ჰოლი ალანი პირველი პაციენტია, რომელმაც ახალი სივრცე გამოსცადა. მას შემდეგ, რაც ლიფტის კარები გაიღო და მზის შუქი სახეზე მოხვდა, პაციენტი ემოციებს ვერ იკავებდა. „დავივიწყე, როგორია გარეთ ყოფნა“, - ამბობს ჰოლი, რომელიც ორი თვის განმავლობაში რეანიმაციულ პალატაში იყო ჩაკეტილი.
ღია სივრცეში მოწყობილი პალატები აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ჟანგბადის მიწოდების სისტემებითა და კვების მილებით. სპეციალური წყალგაუმტარი ყუთები უზრუნველყოფს იმას, რომ მძიმე პაციენტებმა უსაფრთხოდ მიიღონ სამედიცინო დახმარება ბუნებრივ გარემოში.
კვლევები ადასტურებს, რომ სუფთა ჰაერი და ბუნებასთან კონტაქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების კეთილდღეობას. ექიმები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა საავადმყოფოში გატარებულ დროს შეამცირებს.
რეანიმატოლოგი ფილ ჰოპკინსი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი პაციენტებს ეხმარება დაუბრუნდნენ რეალობას, საიდანაც ისინი ავადმყოფობის გამო მოწყვეტილები იყვნენ. „ჩვენი მიზანი მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა არ არის, ჩვენ გვსურს, ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას“, - აცხადებს ჰოპკინსი.
ბაღის დიზაინი სარა პრაისმა შეიმუშავა. სივრცე სავსეა არომატული ყვავილებით, როგორიცაა ჟასმინი და ლავანდა. დიზაინერის თქმით, ბაღი ადამიანებს ეხმარება შენელდნენ და ბუნებასთან კავშირი იგრძნონ, რაც პაციენტების სუნთქვის რიტმზეც კი აისახება.
პროექტი 2 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაჯდა, თანხა კი საავადმყოფოს საქველმოქმედო ფონდმა მოიზიდა. საავადმყოფოს ხელმძღვანელი კლაივ კეი იმედოვნებს, რომ ამ მოდელს სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც გაიზიარებენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.