ინგლისის, უელსისა და შოტლანდიის ჯანდაცვის უწყებები მენინგიტი B-ს საწინააღმდეგო მასშტაბურ ვაქცინაციას იწყებენ. ერთჯერადი პროგრამა, რომელიც მილიონამდე ახალგაზრდას მოიცავს, ქვეყანაში დაფიქსირებული მენინგიტის რამდენიმე არაჩვეულებრივი კლასტერისა და კენტში გავრცელებული ინფექციის საპასუხოდ ამოქმედდა.

ვაქცინა განკუთვნილია იმ სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც საშუალო განათლების ბოლო წელს ამთავრებენ, ასევე 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებიც მიმდინარე შემოდგომაზე პირველად იწყებენ სწავლას უნივერსიტეტებში ან საცხოვრებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

Mills family

მენინგოკოკური ინფექცია სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. ბაქტერია ვრცელდება მჭიდრო კონტაქტის შედეგად, მათ შორის კოცნით, სასმელისა და მოწყობილობების გაზიარებით, ან საერთო საცხოვრებელში ცხოვრებით. ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სტუდენტები, სოციალური წრეების გაფართოებისა და საერთო სივრცეებში ცხოვრების გამო, ვირუსის მიმართ გაცილებით მოწყვლადნი არიან.

პროგრამა ორეტაპიანია — მაქსიმალური დაცვისთვის საჭიროა ორი დოზის მიღება, მინიმუმ 28-დღიანი ინტერვალით. ინგლისში ვაქცინაცია ივლისსა და აგვისტოში აფთიაქების ქსელების მეშვეობით განხორციელდება. უელსსა და შოტლანდიაში პროცესი ასევე ივლისიდან დაიწყება, შესაბამისი ჯანდაცვის საბჭოების კოორდინაციით.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, ჯეიმს მიურეიმ, განაცხადა, რომ კენტისა და სხვა რეგიონების შემთხვევები მიუთითებს მენინგიტი B-ს გავრცელების დინამიკის შესაძლო ცვლილებაზე. პროფესორი შამეზ ლადანი, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოდან (UKHSA), განმარტავს, რომ ბოლო 25 წელი მენინგიტის დაბალი აქტივობის პერიოდი იყო, რამაც მოსახლეობის იმუნიტეტი შეასუსტა.

მენინგიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ჩვილებისთვის რუტინულია, ამცირებს დაავადების რისკს დაახლოებით 75%-ით.

მენინგიტით დაავადებულთა ოჯახები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, ყურადღებით იყვნენ სიმპტომების მიმართ. მიუხედავად ვაქცინაციის მნიშვნელობისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია დაავადების ნიშნების დროული ამოცნობა და დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების მიღება.