ბრიტანული პოლიტიკური ცხოვრების ყურადღება კვლავ მანჩესტერისკენ არის მიპყრობილი. გორტონისა და დენტონის არჩევნებიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, მეიკერფილდის საარჩევნო ოლქი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში აღმოჩნდა.

მეიკერფილდი არ არის ერთი კონკრეტული დასახლება. ეს არის რვა საარჩევნო უბნისგან შემდგარი ოლქი, სადაც 76 000-მდე ამომრჩეველი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულად ის მანჩესტერს ეკუთვნის, ადგილობრივები თავს კვლავ ლანკაშირელებად მიიჩნევენ და ადგილობრივ იდენტობას ინარჩუნებენ.

ისტორიული ცვლილებები „წითელ კედელში“

მეიკერფილდი ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ყველაზე მყარ დასაყრდენად ითვლება, სადაც პარტია 120 წელზე მეტია დომინირებს. თუმცა, ბოლო პერიოდში სურათი მკვეთრად შეიცვალა. 2024 წლის არჩევნებზე ჯოშ სიმონსმა მანდატი მცირე უპირატესობით შეინარჩუნა, მეორე ადგილზე კი ნაიჯელ ფარაჟის „Reform UK“ გავიდა.

ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ „Reform UK“-ის პოზიციები განსაკუთრებით გაძლიერდა. პოლიტოლოგი ჯონ ტონგის შეფასებით, ეს რეგიონი „ბრექსიტის“ მხარდამჭერთა და ლეიბორისტების ტრადიციული ამომრჩევლის ნაზავია, რაც პოლიტიკურ ბრძოლას განსაკუთრებით დაძაბულს ხდის.

ენდი ბერნემის პოლიტიკური გათვლა

ამ შუალედური არჩევნების მიზეზი ლეიბორისტი დეპუტატის, ჯოშ სიმონსის გადადგომა გახდა. ეს ნაბიჯი ენდი ბერნემისთვის პარლამენტში მოხვედრის გზას ხსნის. პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ბერნემი წარმატების შემთხვევაში სერ კირ სტარმერს პარტიის ლიდერობისთვის დაუპირისპირდება.

ეს არის უპრეცედენტო რისკი ლეიბორისტული პარტიისთვის. თუ მეიკერფილდის ამომრჩეველი უარს ეტყვის პარტიის კანდიდატს, ეს შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტზეც აისახოს. ადგილობრივების ნაწილი ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს და გადადგომას ამომრჩევლის ნების იგნორირებად მიიჩნევს.

საბოლოო ჯამში, მეიკერფილდის არჩევანი განსაზღვრავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმომადგენელს, არამედ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ მომავალს და „დაუნინგ სტრიტის“ ბინადართა ვინაობას.