დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლორდ მანდელსონის აშშ-ში ელჩად მოღვაწეობის პერიოდის 1000-ზე მეტი გვერდის მოცულობის დოკუმენტი გაასაჯაროვა. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც პარლამენტის წევრებმა მოითხოვეს ინფორმაციის გამჭვირვალობა მანდელსონის თანამდებობიდან გათავისუფლების ფონზე. შეგახსენებთ, რომ ლორდ მანდელსონი პოსტიდან გასულ წელს, ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების გასაჯაროების შემდეგ გაათავისუფლეს.

რა მოხვდა დოკუმენტებში?

სამ ტომად დაყოფილი მასალების მომზადება ბიუჯეტს 1 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაუჯდა. დოკუმენტები მოიცავს ოფიციალურ პირთა მიმოწერებს და 56 სხვადასხვა WhatsApp-ჩატს მინისტრებსა და ლორდს შორის. ეს მასალები ბრიტანეთის მმართველი გუნდის მუშაობის იშვიათ და დეტალურ სურათს გვიჩვენებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მთავრობაში თავიდან გაურკვევლობა იყო მანდელსონისთვის უსაფრთხოების შესაბამისი შემოწმების (vetting) საჭიროებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართა, რადგან, როგორც ერთ-ერთი ჩინოსანი აღნიშნავს, საკითხით „მაღალი რანგის პირები“ იყვნენ დაინტერესებულნი.

კრიტიკა პრემიერ-მინისტრის მისამართით

მიმოწერები არ მალავს მინისტრების პირად ფრუსტრაციას. მაგალითად, პატ მაკფადენი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მთავრობის შეხვედრები მხოლოდ გადასახადების და სოციალური დახმარებების თემებით შემოიფარგლება. თავის მხრივ, ტორსტენ ბელი მთავრობის მუშაობას „არეულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველა ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს.

ყველაზე მწვავე შეფასებები კი თავად ლორდ მანდელსონისგან მოდის. 2025 წლის მაისში მან დაწერა, რომ კირ სტარმერს „აკლია ენერგია“, ისევე როგორც მთლიანად კაბინეტს. მოგვიანებით, მან პრემიერის გუნდი დაახასიათა როგორც „გაცამტვერებული და უსუსური“, რომელსაც სრული რეორგანიზაცია სჭირდება.

შეზღუდვები და უარი თანამშრომლობაზე

მთავრობის განცხადებით, დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროებამდე დაცული იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების ინტერესებიდან გამომდინარე. ნაწილობრივ დაფარულია უმცროსი თანამდებობის პირების ვინაობა და კომერციულად მგრძნობიარე მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ლორდ მანდელსონმა საკუთარი პირადი ტელეფონის მონაცემების გადაცემაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, პოლიციის მოთხოვნით, დოკუმენტების ნაწილი კვლავ გასაიდუმლოებულია, რადგან მიმდინარეობს გამოძიება საჯარო სამსახურში შესაძლო გადაცდომების გამო. თავად მანდელსონი ბრალდებებს უარყოფს.