სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის პრეამბულაში აღარ არის ნახსენები 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების საკითხს უკავშირდებოდა, რასაც ბაქო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევდა.
ფაშინიანის პოზიცია
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები „უარყოფს სომხეთის 1990 წლის 23 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლოგიკას, ანუ კონფლიქტის ლოგიკას“. მისი თქმით, დოკუმენტის მე-8 მუხლი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზნად მშვიდობის უზრუნველყოფას განსაზღვრავს.
ფაშინიანმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოს ეს ნაბიჯი გარე ზეწოლის შედეგი იყოს. „ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა რეალობად ვაქციოთ ჩვენი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების ხედვა და სომხეთის რესპუბლიკის ისეთი პოზიციონირება მოვახდინოთ, რომ მან დაძლიოს ფორპოსტის ლოგიკა“, — აღნიშნა მან.
პასუხისმგებლობა და რეფერენდუმი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხზე სრულ პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და მორალურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მან ოპოზიციას შესთავაზა, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გატანას. ფაშინიანის პირობით, თუ ხალხი რეფერენდუმზე ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს, ის თანამდებობიდან გადადგება.
„ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ და რატიფიცირებას გავუკეთებთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას, არამედ მივაღწევთ ინსტიტუციურ, მტკიცე, შეუქცევად მშვიდობას“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ოპოზიციური პარტიები ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, კონსტიტუციის ტექსტის ამგვარი ცვლილება აზერბაიჯანის პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ტოლფასია.






დისკუსია
0 კომენტარი