სომხეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციის ახალი პროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც არ არის ნახსენები ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალება Report ავრცელებს. აღნიშნული ნაბიჯი აზერბაიჯანის მიერ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად წაყენებულ საბოლოო პირობად განიხილება.

გამოქვეყნებული დოკუმენტი სულ 89 მუხლს მოიცავს. პროექტის თანახმად, ახალი კონსტიტუციის მთავარი მიზანი სტაბილური, მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული აწმყოს შექმნა და მომავალი თაობებისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრაა.

დოკუმენტში საგარეო პოლიტიკის ვექტორიც არის განსაზღვრული. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, „მშვიდობა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“. ტექსტში ნათქვამია, რომ მეზობლებთან კეთილმეზობლური, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა საგარეო კურსის საფუძველს წარმოადგენს.

კონსტიტუციის ან მასში შესატანი ცვლილებების რეფერენდუმზე გატანის წესიც დაკონკრეტდა. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას რეფერენდუმის მონაწილეთა ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მომხრეთა რაოდენობა არ უნდა იყოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა საერთო რაოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები.