ბრიტანეთის ლონგლიტის საფარის პარკმა თავის ბინადართა შორის ახალი წევრი მიიღო. სამი წლის ნუბიური ჟირაფი, სახელად სტენლი, პარკში ოთხშაბათს ჩავიდა. მისი ჩამოყვანა შემთხვევითი არ არის — ეს გადაშენების პირას მყოფი სახეობის პოპულაციის გადარჩენის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია.
დღეისთვის ველურ ბუნებაში ნუბიური ჟირაფების რაოდენობა 500-ზე ნაკლებია. შესაბამისად, ყოველი ინდივიდის გამრავლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახეობის მომავლისთვის.
ლონგლიტის საფარის პარკის ცხოველთა ოპერაციების ხელმძღვანელი, დარენ ბიზლი, სტენლის შემოერთებას „ფანტასტიკურს“ უწოდებს. მისი თქმით, პარკი ამ სახეობის გამრავლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერაა. სტენლის მოსვლა კი ამ მისიის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
პარკმა 2024 წელს დაკარგა წინა მამრი ჟირაფი, თორნი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში 29 შთამომავალი დატოვა. ახლა იმედი სტენლის უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ის სრულ სიმწიფეს მიაღწევს, ევროპული გადაშენების პირას მყოფი სახეობების პროგრამის ფარგლებში, ის აქტიურად ჩაერთვება გამრავლების პროცესში.
ამჟამად პარკში ცხრა მდედრი ნუბიური ჟირაფი ბინადრობს, რომლებიც სწორედ ლონგლიტში დაიბადნენ. სტენლი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლისაა, ჯერ კიდევ იზრდება. ცნობისთვის, ნუბიური ჟირაფები ჟირაფის ქვესახეობებს შორის ყველაზე მაღლები არიან და მათმა სიმაღლემ შესაძლოა 6 მეტრსაც მიაღწიოს.
საფარის პარკი, სადაც სტენლი განთავსდა, 2026 წელს თავისი დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. მნახველებს ახალი ბინადარის და მისი ჯგუფის ნახვა „Drive Through Safari“-ს მარშრუტის გავლისას შეუძლიათ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.