ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ესპანურ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუში კლუბის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. „მეთოფეებმა“, რომლებმაც პრემიერლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიტული დააბრუნეს, ახალი სეზონის წინ ფოკუსირებას ჩემპიონთა ლიგაზე ახდენენ.

„ლუზერის“ იარლიყისგან გათავისუფლება

არტეტას თქმით, მიმდინარე სეზონის სტარტიდანვე გუნდში განსხვავებული ენერგია იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს ხშირად უწევდათ საკუთარი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება, ტიტულის მოპოვებამ გუნდს ფსიქოლოგიური ბარიერი გადაალახვინა. „ეს ყველასთვის დიდი შვებაა, რადგან ჩვენ უკვე აღარ გვაქვს „ლუზერი“ გუნდის რეპუტაცია“, - აღნიშნავს სპეციალისტი.

მწვრთნელი ხაზს უსვამს, რომ ტრავმების სიმრავლის გათვალისწინებით, გუნდის შანსები ჩემპიონობაზე სეზონის განმავლობაში მინიმალური, დაახლოებით 2% იყო. მიუხედავად ამისა, 60-ზე მეტი მატჩის ჩატარებამ არსებული რესურსით კონკურენტუნარიანი კოლექტივი ჩამოაყალიბა.

კრიტიკა და ახალი მიდგომები

„არსენალის“ თამაშის სტილის მიმართ არსებულ კრიტიკას, რომელიც გუნდს ხშირად „ზედმეტად დაცვით ფეხბურთში“ ადანაშაულებს, არტეტა მშვიდად ხვდება. იგი აცხადებს, რომ პატივს სცემს ყველა აზრს, თუმცა გამარჯვების მიღწევის სხვა გზების ძიება მისი პროფესიული ვალდებულებაა. მისი თქმით, გამარჯვების გარეშე ის ბედნიერი ვერ იქნება, ამიტომ გუნდი მუდმივად ეძებს ტაქტიკურ ადაპტაციას.

ლუის ენრიკეს ფაქტორი

ინტერვიუს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი „პსჟ“-ს დამრიგებელ ლუის ენრიკეს ეხება. არტეტა იხსენებს „ბარსელონაში“ გატარებულ პერიოდს, როდესაც ისინი თანაგუნდელები იყვნენ. „ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელი იყო, მე კი ძალიან ახალგაზრდა. მახსოვს, როგორ თბილად ეპყრობოდა ახალგაზრდებს“, - იხსენებს მიკელი.

არტეტას აზრით, ენრიკეს მტკიცე ხასიათი აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, გაუძლოს გარე წნეხს და არ გადაუხვიოს არჩეულ გზას. სწორედ ამიტომ, „მეთოფეების“ მწვრთნელი ესპანელ კოლეგას სამაგალითოდ მიიჩნევს.

„ენრიკე წარმატებას აღწევს ისე, როგორც ამას თავიდანვე გეგმავდა. ის ყველასთვის სამაგალითოა“, - დასძინა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“-სა და „არსენალის“ დაპირისპირება 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.