ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალში, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება, საფრანგეთის ჩემპიონები მაქსიმალური კონცენტრაციით ემზადებიან. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა ლიდერებმა, უსმან დემბელემ და მარკინიოსმა, მეტოქის სათამაშო სტილი და ფინალის მნიშვნელობა შეაფასეს.

„არსენალი“ ძალიან ძლიერი გუნდია“

უსმან დემბელემ „არსენალის“ მიმართ პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ ლონდონელთა ფინალში გასვლა შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, მიკელ არტეტას გუნდი პრემიერ ლიგის მოგებითა და ევროპულ ასპარეზზე ნაჩვენები სტაბილური თამაშით სრულად იმსახურებს ტიტულისთვის ბრძოლას.

„არსენალი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ისინი ყველა პოზიციაზე ძლიერები არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სტანდარტულების შესრულება და შეტევისა და დაცვის ბალანსი“, - განაცხადა დემბელემ.

ფრანგი შემტევი მიიჩნევს, რომ პსჟ-ს ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდს ტიტულების მოგების გაგრძელება სურს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, დემბელეს თქმით, გუნდი ხვალინდელ მატჩს ახალი ენერგიით ხვდება და ისტორიული გამარჯვებისკენ მიისწრაფვის.

„დეტალები გადაწყვეტს ყველაფერს“

გუნდის კაპიტანი, მარკინიოსი, ყურადღებას დეტალებზე ამახვილებს. ბრაზილიელი მცველი აღიარებს, რომ „არსენალთან“ შეხვედრა არასდროს არის მარტივი და გუნდმა მზად უნდა დახვდეს მეტოქის ნებისმიერ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვიცით, რა არის ჩემპიონთა ლიგის მოგების გემო და გვსურს ეს ემოცია გავიმეოროთ. „არსენალის“ წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან მათთან არასდროს იცი, რა მოხდება კონკრეტულ ეპიზოდში. ვმუშაობთ სტანდარტულებზე და დაცვით მექანიზმებზე, რადგან ფინალში ყველაფერს პატარა დეტალები წყვეტს“, - განაცხადა მარკინიოსმა.

პარიზელები აღიარებენ, რომ „ლივერპულის“, „ჩელსისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ სეზონის განმავლობაში რთული მომენტები ჰქონდათ, თუმცა გუნდმა ადაპტაცია შეძლო. სწორედ ეს გამოცდილება უნდა დაეხმაროს მათ ლონდონური კლუბის ბარიერის გადალახვაში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 30 მაისს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.