საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ისტორიაში ახალი გვერდი დაიწერა. „ბათუმმა“ ფინალურ სერიაში „თსუ“ 3:1 დაამარცხა და კლუბის არსებობის მანძილზე ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. გადამწყვეტი, მეოთხე მატჩი ბათუმში, ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერით გაიმართა და ის ნამდვილ სპორტულ დრამად იქცა.
დაუჯერებელი ქამბექი
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი „თსუ“-სთვის ოპტიმისტურად მიმდინარეობდა. მეოთხე მეოთხედში სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. მატჩის დასრულებამდე 21.2 წამით ადრე „თსუ“ 81:76-ს იგებდა და ყველაფერი მათ სასარგებლოდ მეტყველებდა.
თუმცა, ბათუმელებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს. მირინ ტომასის ზუსტი სამქულიანით სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. მომდევნო ეპიზოდში ალექსანდრე ფევაძე დაჯარიმდა, რამაც მასპინძლებს შანსი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ფევაძემ ორივე საჯარიმო გააფუჭა, ვითარება კვლავ მირინ ტომასის ხელში იყო. ტომასმა საჯარიმო ხაზიდან ანგარიში გაათანაბრა — 81:81.
„თსუ“-ს მატჩის მოგების ბოლო შანსი ჰქონდა, თუმცა ქუენთინ ჰარდრიქტის შეტევა უშედეგო აღმოჩნდა. თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
ტრიუმფალური ოვერტაიმი
დამატებით ხუთწუთეულში სურათი რადიკალურად შეიცვალა. „ბათუმმა“ მეტოქეს სათამაშო ინიციატივა სრულად წაართვა. ბათუმელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს და მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცეს. პარალელურად, მასპინძლებმა 9 უპასუხო ქულა დააგროვეს და მატჩი საბოლოოდ 90:81 მოიგეს.
„ბათუმის“ ლიდერი მირინ ტომასი იყო, რომელმაც 28 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სწორედ ტომასი დასახელდა ფინალური სერიის MVP-დ. გიორგი ოჩხიკიძემ 22 ქულით გაამდიდრა გუნდის აქტივი, ხოლო კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა 11-11 ქულა დააგროვეს.
„თსუ“-ს მხრიდან საუკეთესოები კორვისირ მაკკოლი (24 ქულა) და გიორგი ტურძილაძე (23 ქულა) იყვნენ, თუმცა მათი მონაგარი საკმარისი არ აღმოჩნდა.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.