UFC-ის მსუბუქი წონის ახალმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ, ილია თოფურიას დამარცხებით სპორტული სამყარო აალაპარაკა. „ჰაილაითის“ ტრიუმფმა არა მხოლოდ კონორ მაკგრეგორთან პოტენციური „სუპერბრძოლის“ საკითხი გაააქტიურა, არამედ ძველი მეტოქეებიც დააბრუნა დღის წესრიგში.

მათ შორის ყველაზე მოულოდნელი დასტინ პორიეს განაცხადია. პორიემ, რომელმაც კარიერა 2025 წლის ივლისში, ისლამ მახაჩევთან და მაქს ჰოლოუეისთან მარცხის შემდეგ დაასრულა, სოციალურ ქსელში მიანიშნა, რომ გეიჯისთან საჩემპიონო შანსისთვის დაბრუნება სურს.

პორიემ X-ზე დასმულ კითხვას, აპირებდა თუ არა პენსიიდან გამოსვლას, მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა: „დიახ“.

ამერიკელმა მებრძოლმა გეიჯის მიმართ პატივისცემაც გამოხატა და მის შესრულებას „ოსტატური“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მათი ისტორიული დაპირისპირება გათანაბრებულია — ანგარიში 1:1-ია. პორიემ გეიჯი 2018 წელს დაამარცხა, თუმცა 2023 წელს, BMF ქამრისთვის ბრძოლაში, გეიჯიმ რევანში აიღო და მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

თუმცა, პორიეს დაბრუნების გზაზე სერიოზული ბიუროკრატიული დაბრკოლებაა. კარიერის დასრულების შემდეგ მებრძოლმა ღიად განაცხადა, რომ სტეროიდების გამოყენებას გეგმავდა. „როგორც კი USADA კარს აღარ მომიკაკუნებს და ხელთათმანებს ლურსმანზე დავკიდებ, ფორმაში ჩავდგები“, — აღნიშნა მან ადრეულ ინტერვიუში.

UFC-ის წესების თანახმად, კარიერის განახლების მსურველმა მებრძოლმა სავალდებულო ექვსთვიანი დოპინგ-ტესტირების პერიოდი უნდა გაიაროს. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი, რაც პორიესთვის დაბრუნების ერთადერთ რეალურ შანსად რჩება.

პორიეს კარიერა საჩემპიონო ბრძოლებში მძიმე გამოდგა — 1-4 სტატისტიკით. ჯასტინ გეიჯისთან ტრილოგია, დიდი ალბათობით, მისი ბოლო შანსი იქნება, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლოს.