მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, სასტარტო შემადგენლობის შესახებ პირველი მკაფიო გზავნილები გააჟღერა. აშშ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ გუნდის ბირთვი, რომელიც ხორვატიასთან მატჩს დაიწყებს, უკვე ჩამოყალიბებულია.
ტუხელის თქმით, მას არჩევანი 14 ან 15 ფეხბურთელზე აქვს შეჩერებული. ინგლისური მედიის ცნობით, სწორედ ეს მოთამაშეები წარმოადგენდნენ ძირითად ძალას კოსტა რიკასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (3:0).
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „ათიანის“ პოზიციას ეხება. მიუხედავად მორგან როჯერსის ბოლო პერიოდის კარგი ფორმისა, ტუხელმა უპირატესობა ჯუდ ბელინგემს მიანიჭა. მწვრთნელმა გადაწყვეტილება „რეალის“ ნახევარმცველის საერთაშორისო გამოცდილებითა და გადამწყვეტ მომენტებში მისი ლიდერული თვისებებით ახსნა.
ცვლილებებია დაგეგმილი დაცვის ცენტრშიც. არსებული ინფორმაციით, სასტარტოში ჯონ სტოუნსისა და ეზრი კონსას დუეტი მოგვევლინება. ეს არჩევანი გარკვეულწილად მოულოდნელია, რადგან საფეხბურთო ექსპერტების ნაწილი მარკ გეჰის ელოდა ძირითად შემადგენლობაში.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუკაიო საკას ჯანმრთელობის მდგომარეობას. „არსენალის“ ვარსკვლავი კუნთის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის. ტუხელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელის დატვირთვას ფრთხილად მართავენ.
ამ ეტაპზე საკას პროგრესი აშკარაა და თუ საჭიროება მოითხოვს, ის პლეი-ოფის რეჟიმში უკვე მზადაა სათამაშოდ. თუმცა, დიდი ალბათობით, ტურნირის საწყის ეტაპზე ტუხელი საკას ეტაპობრივად ჩართავს, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მას ნონი მადუეკე შეცვლის, რომლის მიმართაც გერმანელ სპეციალისტს მაღალი ნდობა აქვს.
ინგლისი ხორვატიას მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 17 ივნისს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაუპირისპირდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.