Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის მატჩები დაიწყო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიდერმა „იბერია 1999“-მა „სპაერს“ უმასპინძლა, თუმცა შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის მე-19 წუთზე ანდრია ბართიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „იბერია“ დააწინაურა. მიუხედავად უპირატესობისა, „სპაერმა“ მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა — 59-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო ტურში „იბერია“ „რუსთავს“ მიიღებს, ხოლო „სპაერი“ გორში „დილას“ ესტუმრება.
ბათუმის დინამოს დრამატული გამარჯვება
დღის მეორე დაპირისპირებაში ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. შეხვედრა უკიდურესად დრამატული გამოდგა. ბათუმელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთისთვის უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ: ნიკა კალანდარიშვილმა პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო დმიტრი მანდრიჩენკომ უპირატესობა გაზარდა.
გორელებმა 36-ე წუთზე აბდულმალიკ ოლატუნჯის გოლით სხვაობა შეამცირეს. მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე მოედნიდან გააძევეს, რამაც თამაშის სცენარი შეცვალა. „დილამ“ რიცხობრივი უპირატესობა 84-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც ბლანკსონ ანოფმა შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ბედი კომპენსირებულ დროში გადაწყდა. გორელთა შეცდომის შედეგად, მსაჯმა ბათუმელთა სასარგებლოდ მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ნიკა კალანდარიშვილმა ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა და „დინამოს“ გამარჯვება მოუტანა.
სატურნირო მდგომარეობა
მე-17 ტურის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილის სათავეში ცვლილებები არ მომხდარა. „იბერია“ 31 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს და „ტორპედოს“ 5 ქულით უსწრებს. ბათუმის „დინამო“ 24 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
მე-18 ტური 16-18 ივნისს გაიმართება, სადაც ბათუმელები ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდებიან.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.