UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მერაბ დვალიშვილზე მომხდარ თავდასხმას. ინციდენტი გასულ კვირას აბუ-დაბიში მდებარე სასტუმროში მოხდა, სადაც დვალიშვილს მახაჩევის თანაგუნდელები — უსმან და უმარ ნურმაგომედოვები, და მათთან ერთად მყოფი კიდევ ექვსი პირი დაუპირისპირდნენ.
MMA-ს საზოგადოების მხრიდან მომხდარი ფაქტი მკაცრად იქნა დაგმობილი, თუმცა მახაჩევმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი მისაღებია და მას „ღირსების საკითხად“ მოიხსენიებს.
„ეს საკითხი იმაზე მეტად გააზვიადეს, ვიდრე საჭირო იყო. დაღესტანში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ჩხუბი. რაც შეეხება მერაბს, მან სამარცხვინოდ მოიქცა — შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანის დედას. რამდენადაც ვიცი, იმ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყავს, რაც ჩემთვის წმინდაა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენმა ბიჭებმა რამე არასწორი გააკეთეს. პასუხი უნდა გასცე შენს სიტყვებს. თუ ზღვარს გადახვალ, შედეგისთვის მზად უნდა იყო,“ — განაცხადა მახაჩევმა.
მისი თქმით, მაშინ, როცა ადამიანის ღირსება ილახება, მნიშვნელობა არ აქვს, დაპირისპირება 1-ზე-1 არის თუ 2-ზე-1. მახაჩევის ამ კომენტარს სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივართა დიდი ნაწილი არ ეთანხმება მახაჩევის პოზიციას და თვლის, რომ დვალიშვილზე თავდასხმა გაუმართლებელია.
სპორტული კუთხით, ისლამ მახაჩევი ოქტაგონზე დაბრუნებას მომავალ ზაფხულს გეგმავს. ჩემპიონს იანვარში, ტორონტოში დაგეგმილ UFC 336-ზე კარლოს პრატესთან ბრძოლა უნდა გამართა, თუმცა მან უარი თქვა, რადგან აგვისტოში იან მაჩადო გარისთან ჩატარებული ტიტულის დაცვის შემდეგ საკმარისი დრო არ ჰქონდა. შედეგად, UFC-მ პრატესა და მაიკლ მორალესს შორის შუალედური ტიტულის ბრძოლა დანიშნა, რომლის გამარჯვებულიც ზაფხულში მახაჩევს დაუპირისპირდება.






დისკუსია
0 კომენტარი