„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში კომერციული სუროგაციის აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. ფარულავას განცხადებით, მისი გუნდი სრულად იზიარებს საქართველოს ეკლესიის ხედვას და მიიჩნევს, რომ ადამიანის სიცოცხლე და დედობის არსი გარიგების საგანი არ უნდა გახდეს.
ფარულავას თქმით, კომერციული სუროგაცია ქალთა ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ადამიანით ვაჭრობის რისკებს შეიცავს, რაც მას მიუღებელს ხდის. ამასთან, პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს კომერციული და ალტრუისტული სუროგაცია.
„ევროპული ქვეყნების მიდგომები განსხვავებულია: ზოგან სუროგაცია სრულად აკრძალულია, ზოგან კი ალტრუისტული ფორმით, მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის პირობებშია დაშვებული“, — აღნიშნავს ფარულავა. მან მაგალითად საბერძნეთი მოიყვანა, სადაც ალტრუისტული სუროგაცია კანონით ნებადართულია და სასამართლოს წინასწარ ნებართვას ექვემდებარება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აკრიტიკებს მმართველ გუნდს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამო. მისი თქმით, „ანტიქართული ოცნების“ პრობლემა არა თავად პოზიცია, არამედ საზოგადოებასთან მსჯელობის გარეშე გადაწყვეტილების მიღებაა. ფარულავას აზრით, მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხები არგუმენტებსა და საჯარო დისკუსიას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. კირცხალიას თქმით, ეს ნაბიჯი ეთიკური და სამართლებრივი რისკებით, მათ შორის ტრეფიკინგის საფრთხეებით არის განპირობებული. მისი ინფორმაციით, სერვისით მოსარგებლეების 98% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.







დისკუსია
0 კომენტარი