რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინამ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და ალიანსის მიღმა მყოფმა რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ შექმნეს ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. ეს განცხადება მედვედევმა საკუთარ სტატიაში გააკეთა, რომელიც სათაურით „სახელმწიფო სუვერენიტეტი და ბირთვული იარაღი: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები“ გამოქვეყნდა.

მედვედევის თქმით, ფორმალურად, იმ მხარეებმა, რომლებიც რუსეთს კოლექტიურად უპირისპირდებიან, უკვე შექმნეს პირობები, რაც მოსკოვს აიძულებს, ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარები განიხილოს. თუმცა, რუსი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს ავტომატურ გადაწყვეტილებას.

სტატიის თანახმად, სანამ რუსეთი მსგავს ნაბიჯს გადადგამს, ქვეყნის ხელმძღვანელობა ყოვლისმომცველ ანალიზს ატარებს. მედვედევი განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ფაქტორების კომპლექსურ შეფასებას.

„მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის ხელმძღვანელობს ყველა ფაქტორის ყოვლისმომცველი ანალიზით, აგრეთვე - მიყენებულ რეალურ ზიანსა და საპასუხო ზომებს შორის პროპორციულობით“, - აღნიშნავს მედვედევი.

ამგვარად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საპასუხო ქმედებების პროპორციულობა მიყენებულ ზიანთან ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი პირობაა ბირთვული პოტენციალის გამოყენების კონტექსტში.