იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონი დასრულდა. ტურინულმა გამოცემა Torinogranata.it-მა „ტორინოს“ ფეხბურთელების თამაში შეაჯამა და მათ შესაბამისი ქულები დაუწერა. სიის მიღმა დარჩა საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი.
საზონოვი შეფასების გარეშე დარჩა, რადგან მას სეზონის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონია. გამოცემის თქმით, ქართველმა მცველმა შედეგი იმის გამო მიიღო, რომ სხვა კლუბში ტრანსფერზე უარი თქვა.
სასჯელი, რომელიც „არაპროპორციულია“
ტურინული გამოცემა საზონოვის მიმართ გატარებულ ზომებს მკაცრად აკრიტიკებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში 25-კაციან განაცხადს მიღმა იყო.
საბა საზონოვს სხვა კლუბში ტრანსფერზე უარის თქმა ძვირად დაუჯდა. მას გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები ნამდვილად აქვს, თუმცა სასჯელი აშკარად არაპროპორციული აღმოჩნდა.
ერთადერთი გამონაკლისი იანვრის თვე იყო, როდესაც საზონოვი განაცხადში მოხვდა, თუმცა ოთხი მატჩის განმავლობაში ის მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა.
კარიერა ტურინში და მომავალი
საბა საზონოვს „ტორინოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელი გუნდს ოფიციალურად თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ საზონოვის ტურინში გადასვლა წარმატებული ვერ გამოდგა. გასული სეზონის დაწყებამდე ქართველი უკანახაზელი ესპანურ „ხეტაფეში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.
ახლა ქართველი მცველისთვის მთავარი ამოცანა კარიერის გადატვირთვა და სტაბილური სათამაშო დროის მოპოვებაა, რასაც ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.