აშშ-ში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალის მიმდებარედ, UFC Freedom 250-ის მონაწილე მებრძოლები მედიას შეხვდნენ. უამინდობის გამო ღონისძიება 45-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამან მებრძოლებს შორის დაძაბულობა არ შეამცირა.
ილია თოფურიამ საკუთარი თავდაჯერებულობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა. ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ის წონის საუკეთესო წარმომადგენელია და რეიტინგებში მეორე ნომრად მოხსენიებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ჯასტინ გეიჯის შანსი აქვს, ოქტაგონში დაამტკიცოს, თუ ვცდები, თუმცა ჩემი აზრით, მას პირველ რაუნდში დავაძინებ. მაქს ჰოლოუეი არავის დაუნოკაუტებია, სანამ მე არ გავაკეთე ეს. რატომ არ შეიძლება იგივე გეიჯისთანაც მოხდეს? მას მწვრთნელი ვერ დაეხმარება, ოქტაგონში მხოლოდ მე და ის ვიქნებით“, - განაცხადა თოფურიამ.
თავის მხრივ, ჯასტინ გეიჯიმ აღიარა თოფურიას მაღალი კლასი, თუმცა ხაზი გაუსვა საკუთარ გამოცდილებას. მისი თქმით, ის მზადაა ოქტაგონში „იდეალური“ საჩვენებელი გამოსვლა აჩვენოს და თოფურიას წინააღმდეგობა გაუწიოს.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჯოშ ჰოკიტმა, რომელმაც უჩვეულო იმიჯი მოირგო. მან Marvel-ის პერსონაჟის, ჰალკის პაროდია შექმნა და საკუთარი თავი „წარმოუდგენელ ჰოკად“ მონათლა. ჰოკიტი ხან თოფურიას ფანობას გამოხატავდა, ხან კი მის მიმართ ირონიულ კომენტარებს აკეთებდა, რითაც პრესკონფერენციაზე საკმაოდ ქაოსური ატმოსფერო შექმნა.
ალექს პერეირამ და სირილ განმა თავიანთი დაპირისპირების მოლოდინებზე ისაუბრეს. პერეირამ განაცხადა, რომ კვირას გულშემატკივრებისთვის შოუს დადგმას გეგმავს, ხოლო სირილ განმა აღნიშნა, რომ პერეირასთან ჩხუბის შანსით მოხარულია და შიშს არ განიცდის.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება. ღონისძიების მთავარი ბრძოლები 04:00 საათიდან დაიწყება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.