ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში დასაბრუნებლად გადამწყვეტ პლეიოფს იწყებს. „მწვანეების“ მიზანი „ნიცას“ დამარცხებაა, რაც გუნდს ლიგა 1-ის საგზურს მოუტანს. დაპირისპირება ორრაუნდიანია და პირველი შეხვედრა „სენტ-ეტიენის“ საშინაო არენაზე გაიმართება.
სადისციპლინო სანქციები ნიცასთვის
განმეორებითი მატჩის წინ „ნიცას“ მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა კლუბი „მეცთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო დასაჯა. შედეგად, 29 მაისს დაგეგმილი საპასუხო მატჩი „ალიანც რივიერაზე“ მაყურებელთა გარეშე ჩაივლის.
გარდა ამისა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „ნიცას“ პირველი მატჩისთვის ბილეთების კვოტაც მკვეთრად შეუმცირეს. კლუბს სტადიონზე გულშემატკივართა მობილიზების კუთხით სერიოზული შეზღუდვები დაუწესდა, რაც „სენტ-ეტიენისთვის“ დამატებითი ფსიქოლოგიური უპირატესობაა.
საკადრო დანაკლისი
L’Equipe-ის ცნობით, „ნიცას“ მთავარი პრობლემა მხოლოდ ტრიბუნების სიცარიელე არ არის. გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ელიე ვაი ვერ დაეხმარება. ფეხბურთელი, რომელიც „აინტრახტიდან“ იჯარის წესით თამაშობს, პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
სტატისტიკა „ნიცასთვის“ შემაშფოთებელია: გუნდმა ვაის გარეშე ჩატარებული მატჩებიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ეს ფაქტი ზურიკო დავითაშვილის გუნდის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. პირველი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.