Apple-ის ეკოსისტემა უახლოეს წლებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ცნობით, კომპანია აქტიურად ავითარებს ახალი თაობის ტექნიკურ მოწყობილობებს, რომელთა პრემიერა 2027 წლისთვის იგეგმება.
AirPods კამერებით: ვიზუალური კონტექსტი Siri-სთვის
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი კამერებით აღჭურვილი AirPods-ია. საუბარია ყურსასმენებზე, რომლებსაც კორპუსში ჩამონტაჟებული ექნებათ პატარა კამერები და ინდიკატორები, რომლებიც მონაცემების ღრუბლოვან სერვისში გაგზავნას დაადასტურებს.
ამ ტექნოლოგიის მთავარი დანიშნულება Siri-ს შესაძლებლობების გაფართოებაა. კამერები ვირტუალურ ასისტენტს მისცემს „ვიზუალურ კონტექსტს“ მომხმარებლის გარემოს შესახებ. ეს ნაბიჯი Apple-ის მიერ ჭკვიანი სათვალეების გამოშვებამდე გარდამავალ ეტაპად განიხილება.
დასაკეცი iPhone-ის ახალი თაობა
Apple არ აპირებს დასაკეცი სმარტფონების სეგმენტის დათმობას. გურმანის თქმით, კომპანია უკვე მუშაობს დასაკეცი iPhone-ის მეორე თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს პირველი მოდელის ხარვეზების გამოსწორებას.
კომპანია ცდილობს, უკეთ გამოიყენოს დასაკეცი ეკრანების პოტენციალი, რაც დღევანდელ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროდუქტების მთავარი სის სისუსტეა. ხშირად, პროგრამული უზრუნველყოფა ვერ ახერხებს დიდი ეკრანის ეფექტურად ადაპტირებას, რასაც Apple-ი პრიორიტეტულად განიხილავს.
ტექნოლოგიური ნახტომი: 2nm და 1.4nm ჩიპები
Apple-ის მომავალი სმარტფონები ტექნიკური მახასიათებლებითაც შთამბეჭდავი იქნება. 2027 წლისთვის კომპანია 2 ნანომეტრიან A21 ჩიპებზე გადასვლას გეგმავს, მოგვიანებით კი 1.4 ნანომეტრიანი A22 Pro-ს წარმოება იგეგმება.
წარმოების პროცესში, ტრადიციული პარტნიორის, TSMC-ის გარდა, Apple განიხილავს Intel-ის შესაძლებლობების გამოყენებასაც. ეს ნაბიჯი კომპანიას მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციაში დაეხმარება.
„20 წლისთავის“ iPhone და ახალი დიზაინი
გურმანი ასევე ახსენებს ე.წ. „20 წლისთავის“ iPhone-ს, რომელიც შიდა კოდური სახელწოდებებით V73 და V74 არის ცნობილი. მოწყობილობა გამოირჩევა კიდეებამდე გადაკრული ეკრანითა და მოხრილი მინით.
მიუხედავად ამ გეგმებისა, ექსპერტები სიფრთხილეს იჩენენ. კომპანიაში მიმდინარე მენეჯერული ცვლილებები, ჯონ ტერნუსის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნა და კომპონენტების დეფიციტის რისკები შესაძლოა გეგმების კორექტირების მიზეზი გახდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.