Instagram-ის მომხმარებლები დიდი ხანია ელოდნენ ფუნქციას, რომელიც პროფილის ესთეტიკურ მხარეს სრულად დაუქვემდებარებდა მათ სურვილებს. 8 ივნისიდან პლატფორმამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროფილის გრიდის რედაქტირების შესაძლებლობა გლობალურად, როგორც Android, ისე iOS მოწყობილობებისთვის ხელმისაწვდომია.

ამიერიდან, თქვენი პროფილის ვიზუალი აღარ იქნება მკაცრად მიბმული ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. მიუხედავად იმისა, თუ როდის გამოაქვეყნეთ კონკრეტული ფოტო თუ ვიდეო, მათი გადაადგილება მარტივი „Drag and Drop“ მეთოდითაა შესაძლებელი. საკმარისია პოსტზე ხანგრძლივი დაჭერა და მისი სასურველ ადგილას გადატანა.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არ ეხება უკვე დაფიქსირებულ (Pinned) პოსტებს. სამი დაფიქსირებული პოსტი კვლავ პროფილის თავში დარჩება, ხოლო დანარჩენი კონტენტის გადალაგება თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პროფილის ვიზუალურ ერთიანობას დიდ ყურადღებას აქცევენ.

იდეა, რომ მომხმარებლებს საკუთარი პროფილის სტრუქტურის შეცვლის უფლება ჰქონოდათ, Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში გააჟღერა. ეს ნაბიჯი პასუხი იყო იმ მომხმარებლების უკმაყოფილებაზე, რომელთა დაგეგმილი პროფილები აპლიკაციის განახლების შემდეგ, კვადრატული ფორმატიდან ვერტიკალურზე გადასვლისას, ვიზუალურად დაირღვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსერიმ ცვლილება მოკლე „Finally“-თ შეაფასა, მომხმარებელთა ნაწილი კვლავ ელოდება სხვა ტექნიკურ სიახლეებს, მათ შორის iPad-ისთვის ადაპტირებული ინტერფეისის სრულყოფას. თუმცა, დღეიდან, თქვენი ციფრული „კედლის“ დიზაინი სრულად თქვენს ხელშია.