კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC) 600-ზე მეტმა აკადემიურმა მუშაკმა ხელმძღვანელობას ოფიციალური მოთხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, უნივერსიტეტში STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებაზე ჩარიცხული სტუდენტების აკადემიური მომზადება იმდენად დაბალია, რომ პროფესორებს საბაზისო, სკოლის დონის მათემატიკის სწავლება უწევთ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსის მათემატიკოსების ინიციატივით, უნივერსიტეტმა 2027 წლის შემოდგომიდან SAT ან ACT ტესტების მოთხოვნა უნდა აღადგინოს. ლექტორები აღნიშნავენ, რომ ექვსწლიანი პაუზა სტანდარტიზებული ტესტირების გარეშე უარყოფითად აისახა სტუდენტების მზაობაზე.
სასწავლო პროცესის კრიზისი
პროფესორ ზვეზდა სტანკოვას თქმით, 2023 წლის გაზაფხულზე მის კალკულუსის კურსზე სტუდენტების 25-30% სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. „ფსკერი ჩავარდა. ეს სტუდენტები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან პროგრამას, რადგან მათ არ გააჩნიათ მათემატიკური წიგნიერების ელემენტარული ბაზა,“ — აცხადებს სტანკოვა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს კამპუსის მონაცემებით, 2020-დან 2025 წლამდე იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელთა მათემატიკური უნარები საშუალო სკოლის დონეზე დაბალია, 30-ჯერ გაიზარდა. ამ სტუდენტების 70% კი, კვლევის თანახმად, შუა სკოლის მათემატიკურ პროგრამასაც ვერ ფარავს.
რატომ გაუქმდა ტესტები?
2020 წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ SAT და ACT ტესტების მოთხოვნა გააუქმა. გადაწყვეტილების მიღებისას რეგენტები აცხადებდნენ, რომ ეს ტესტები დისკრიმინაციული იყო დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. თუმცა, აკადემიური სენატის მაშინდელი დასკვნა საპირისპიროს ამტკიცებდა: ტესტები სინამდვილეში ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, გამოეჩინათ თავიანთი პოტენციალი.
„საბაზისო მათემატიკური წიგნიერება წერა-კითხვის ცოდნის ტოლფასია. მის გარეშე STEM მიმართულებით აკადემიური წარმატება სტრუქტურულად მიუღწეველია“, — ნათქვამია პროფესორების მიმართვაში.
ამჟამად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აცნობიერებენ პროფესორების წუხილს და განიხილავენ სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის სტუდენტთა მზაობის შეფასების ახალ მეთოდებს. პარალელურად, აშშ-ის სხვა პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა, როგორიცაა ჰარვარდი, სტენფორდი და კალტექი, უკვე აღადგინეს სტანდარტიზებული ტესტირების მოთხოვნა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.