ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი ენტონი ჰედი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ქალიშვილები, ემილი და დეიზი ავრცელებენ.

მათი განცხადებით, მსახიობი პნევმონიის გართულებების გამო, ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდად გარდაიცვალა. „ჩვენთვის პატივი და პრივილეგია იყო მისი ქალიშვილები ვყოფილიყავით და საკუთარი თვალით გვენახა ის გავლენა, რაც მას და მის შემოქმედებას ჰქონდა“, — აცხადებენ ჰედის შვილები.

ენტონი ჰედმა საერთაშორისო აღიარება 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც პოპულარულ სერიალში „ბაფი — ვამპირების გამანადგურებელი“ რუპერტ ჯაილზის როლი შეასრულა. სერიალის მთავარმა ვარსკვლავმა, სარა მიშელ გელარმა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„მე არ მაქვს პასუხი იმაზე, თუ როგორ გავაგრძელო ცხოვრება მის გარეშე, თუმცა ვიცი, რომ გამიმართლა, რადგან ის ვიცნობდი“, — წერს გელარი. კოლეგებმა, მათ შორის ჯეიმს მარსტერსმა და დევიდ ბორეანაზმა, ჰედი გაიხსენეს როგორც „უკიდურესად კეთილი და სტაბილური ადამიანი გადასაღებ მოედანზე“.

ჰედის კარიერა მრავალფეროვანი იყო. მაყურებელს ის ახსოვს როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სკეტჩ-შოუში „ლიტლ ბრიტანეთი“, ასევე მეფე უთერ პენდრაგონი სერიალ „მერლინში“. „ლიტლ ბრიტანეთის“ შემქმნელმა მეტ ლუკასმა აღნიშნა, რომ ჰედი იყო „ყოველთვის ბრწყინვალე, თბილი და კეთილი“.

მსახიობი მონაწილეობდა ჰიტად ქცეულ სერიალ „ტედ ლასოშიც“, სადაც რუპერტ მანიონის როლს ასრულებდა. ბრეტ გოლდშტეინმა მას „ბრწყინვალე მსახიობი“ უწოდა, რომელმაც შეძლო განესახიერა „მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანი, მაშინ როცა თავად საუკეთესო იყო“.

კარიერის დასაწყისში, 80-იან წლებში, ენტონი ჰედი ბრიტანეთში Nescafe-ს ყავის რეკლამებით გახდა ცნობილი. მისმა პარტნიორმა რეკლამაში, შერონ მოუნმა, განაცხადა, რომ მსახიობის გარდაცვალებამ გული გაუტეხა. მისი თქმით, მათ შორის არსებული მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდა.

მსახიობი ბოლო პერიოდშიც აქტიურად მუშაობდა. ის გამოჩნდა სერიალ „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონში, ასევე იყო რადიოდრამა „The Archers“-ის მსახიობი. ჰედი ლონდონში, მსახიობების ოჯახში დაიბადა და განათლება ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში (LAMDA) მიიღო.