ავსტრალიის პოლიციამ ბონდი-ბიჩზე მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 24 წლის ნავიდ აკრამს დამატებით 19 ბრალდება წაუყენა. გასული წლის დეკემბერში, ებრაული ფესტივალის დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ბრალდებები აპრილში ჩამოყალიბდა, თუმცა ინფორმაცია საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ნავიდ აკრამს, რომელსაც მანამდე 59 ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მათ შორის 15 მკვლელობისა და 40 მკვლელობის მცდელობის მუხლებით, ახალი დამატებითი მუხლები დაემატა:

  • 10 ეპიზოდი „მკვლელობის განზრახვით სროლის“ მუხლით;
  • 6 ეპიზოდი „დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების“ მუხლით;
  • 3 ეპიზოდი „მკვლელობის განზრახვით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების“ მუხლით.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე მომუშავე კონტრტერორისტული ჯგუფი მტკიცებულებების შესწავლას აქტიურად აგრძელებს. საქმეში ფიგურირებს 230 000-მდე CCTV კადრი, ასევე დოკუმენტები და მოწყობილობები, რომლებიც აკრამთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნოდათ და თარგმნას საჭიროებს.

წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნავიდ აკრამი და მისი მამა, 50 წლის საჯიდ აკრამი, შემთხვევის ადგილს თავდასხმამდე ორი დღით ადრე ათვალიერებდნენ.

პოლიციამ აღმოაჩინა ვიდეოჩანაწერები, სადაც მამა-შვილი „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის წინ ზიან და თავდასხმის მოტივებზე საუბრობენ. სხვა კადრებში ჩანს, როგორ გადიან ისინი ტაქტიკურ წვრთნებს ცეცხლსასროლი იარაღით ავსტრალიის ერთ-ერთ სოფლის ტიპის დასახლებაში.

„ეს არის უპრეცედენტო საქმე და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია“, — განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლეონი გიტანიმ სასამართლოს გარეთ.

თავდასხმის დროს საჯიდ აკრამი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე ლიკვიდირება მოახდინა, ნავიდ აკრამი კი მძიმედ დაიჭრა და მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ საპატიმროში გადაიყვანეს. იგი სასამართლოში აგვისტოში დაბრუნდება.

აღნიშნული ინციდენტი ავსტრალიის ისტორიაში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სროლად მიიჩნევა. ტრაგედიამ ქვეყანაში იარაღის კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრება და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო კომისიის შექმნა განაპირობა.