ქუჩებში მიტანის ავტონომიური რობოტების გამოჩენა თავდაპირველად ფუტურისტულ სიახლედ აღიქმებოდა, თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. ჩიკაგოს მცხოვრები ჯონ რობერტსი იხსენებს, რომ თავდაპირველად რობოტები დადებით შთაბეჭდილებას ახდენდნენ, მაგრამ ოჯახთან ერთად გასეირნებისას მათთვის გზის დათმობამ პოზიცია შეაცვლევინა.

„ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ზოლზე რობოტების მოძრაობა კომფორტს არღვევს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ქუჩაში ათობით კამერებით აღჭურვილი მანქანა იმოძრავებს“, — ამბობს რობერტსი, რომელმაც რობოტების შეზღუდვის მოთხოვნით პეტიციას უკვე 4 400 ხელმოწერა შეაგროვა.

John Roberts

ავტონომიური მიტანის საშუალებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის ქალაქებში უკვე აქტიურად მუშაობენ. კომპანიები აცხადებენ, რომ რობოტები უსაფრთხოა, ამცირებენ საცობებსა და გამონაბოლქვს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა ამ არგუმენტებს სკეპტიკურად უყურებს.

სან-ფრანცისკომ რობოტების გადაადგილება შეზღუდა, ტორონტომ კი ტროტუარებზე მათი გამოყენება 2021 წლიდან აკრძალა. ჩიკაგოში უკვე არსებობს ორი რაიონი, სადაც ამ მანქანების მოძრაობა ოფიციალურად აკრძალულია. პრობლემები იქმნება გლენდეილშიც, კალიფორნიის შტატში, სადაც ადგილობრივი საბჭო დროებითი აკრძალვის საკითხს განიხილავს.

საბჭოს წევრი არდი კასახიანი აღნიშნავს, რომ რობოტები ქალაქში გაფრთხილების გარეშე გამოჩნდნენ, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია რეგულაციებთან დაკავშირებით. „ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო პასუხისმგებელი ოპერატორი, როგორ უნდა მოგვეგვარებინა სადაზღვევო საკითხები და როგორ დაგვეცვა ფეხით მოსიარულეთა სივრცე“, — აცხადებს კასახიანი.

Coco

დიდ ბრიტანეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. შეფილდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც Uber Eats-ის რობოტები ვანდალიზმის მსხვერპლი გახდნენ. მიუხედავად ამისა, მწარმოებელი კომპანია Starship Technologies აცხადებს, რომ რობოტები „მეგობრულები და ზრდილობიანები არიან“ და საზოგადოებამ მათთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს.

პრობლემა მხოლოდ უსაფრთხოებას არ ეხება. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი მუშაკთა კავშირი (IWGB) შრომით ბაზარზე მოსალოდნელ ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს. მათი თქმით, ავტომატიზაცია უამრავ ადამიანს სამუშაო ადგილს წაართმევს, რაც განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ლონდონის მოწყვლადი ფენებისთვის.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მიუხედავად პროტესტისა, 2034 წლისთვის მსოფლიოში 2,1 მილიონი მიტანის რობოტი იქნება ექსპლუატაციაში. ჯონ რობერტსი კი მიიჩნევს, რომ სანამ ტექნოლოგია განვითარდება, აუცილებელია მკაფიო რეგულაციების დაწესება, რათა ქალაქები ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო დარჩეს.

IWGB