კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის გავრცელების ტემპი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ (MSF) არსებულ ვითარებას „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ორგანიზაციის ვიცე-დირექტორის, დოქტორ ალან გონსალესის განცხადებით, ეპიდემიის გამოცხადებიდან სულ რაღაც ორ კვირაში, მსგავსი მასშტაბის შემთხვევები აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. მისივე თქმით, სამედიცინო ჯგუფების რეაგირება ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების სისწრაფეს ვერ ეწევა.

სტატისტიკა და გამოწვევები

დღეის მდგომარეობით, კონგოში ებოლას 1000-ზე მეტი საეჭვო შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 246-ს აღწევს. მეზობელ უგანდაში უკვე დადასტურებულია ვირუსის 9 შემთხვევა და 1 ლეტალური გამოსავალი.

ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ ასობით ნიმუში კვლავ ლაბორატორიული ტესტირების მოლოდინშია. დოქტორ გონსალესის თქმით, საზღვრებისა და აეროპორტების ჩაკეტვა მნიშვნელოვნად აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ვირუსის შეკავების პროცესს.

ჯანმო-ს ჩართულობა

ჯანდაცვის მსოფო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი უკვე ჩავიდა ეპიდემიის ეპიცენტრში, იტურის პროვინციაში. მისი თქმით, ადგილობრივმა თემებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ვირუსთან ბრძოლაში.

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ტრადიციული დაკრძალვის ცერემონიები, რომლებიც გარდაცვლილის სხეულთან შეხებას მოიცავს, ამ ეტაპზე სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

ლაბორატორიული პროგრესი

ბუნიაში მდებარე ბიოსამედიცინო კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მუშაობა. თუ ადრე ნიმუშები 1500 კილომეტრის მოშორებით, დედაქალაქ კინშასაში იგზავნებოდა, ახლა შედეგების მიღება 24 საათშია შესაძლებელი, რაც მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემია გამოწვეულია ებოლას იშვიათი შტამით, „ბუნდიბუგიოთი“, რომლის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ვირუსი ინფიცირებულთა დაახლოებით მესამედს კლავს.