21 ნოემბერს ფინეთის ყურეში უკრაინული დრონების მიერ რუსული გემის, „სპარტა 2“-ის (Sparta II) დაბომბვის შემდეგ, ესტონეთის ოფიციალურმა პირებმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ განაცხადა, რომ მომხდარი წარმოადგენს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის თანმდევ შედეგს.
ცახკნას თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან. ამავდროულად, ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტი ესტონეთისთვის პირდაპირ საფრთხეს არ ქმნის და არ ზრდის რუსეთისგან მომდინარე სამხედრო რისკებს.
ოფიციალური ტალინი აქტიურად თანამშრომლობს ფინელ კოლეგებთან. მარგუს ცახკნას განცხადებით, ფინეთის თხოვნით, ესტონეთმა უკვე გაგზავნა საზღვაო ძალების გემი „Kindral Kurvits“, რომელიც სამაშველო ოპერაციებში, მათ შორის ხანძრის ჩაქრობასა და გარემოს დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას.
საკითხს გამოეხმაურა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალიც. მან დაადასტურა, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან დეტალურად განიხილა რეგიონში განვითარებული მოვლენები. მიხალმა მკაცრად უარყო გავრცელებული ეჭვები იმის შესახებ, თითქოს ესტონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე ან ტერიტორიული წყლები რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენა.
„მნიშვნელოვანია ფაქტების მკაფიოდ დაფიქსირება: ესტონეთს არ მიუცია ნებართვა თავისი საჰაერო ან საზღვაო სივრცის გამოყენებაზე რუსეთის წინააღმდეგ შეტევებისთვის“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ორივე ესტონელი მაღალჩინოსანი თანხმდება, რომ ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტად გრძნობენ რუსეთის ომის შედეგებს, რაც რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩრდილოეთ და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.



დისკუსია
0 კომენტარი