21 ნოემბერს მოლდოვამ და ფინეთმა რუსეთის მხრიდან მათი საჰაერო სივრცის დარღვევის ცალკეული შემთხვევები დააფიქსირეს. ეს მოვლენები პოლონეთის ტერიტორიაზე ორი საეჭვო რუსული რაკეტისა და რეაქტიული დრონის ჩამოვარდნიდან მეორე დღეს მოხდა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 21 ნოემბერს, უკრაინის დასავლეთ ნაწილზე თავდასხმის დროს, ორჯერ დაარღვია. უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით დილის 11 საათის შემდეგ პურკარის სოფლის მიმდებარედ შემოიჭრა, რის შემდეგაც უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შევიდა და ოდესის ოლქის მიმართულებით გაფრინდა.
პარალელურად, ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული ვერტმფრენის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ განაცხადა. უწყების განმარტებით, ვერტმფრენი ლოვეისას მიმდებარედ ფინეთის ტერიტორიაზე 4.1 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა აღნიშნა, რომ ინციდენტი შესაძლოა უკავშირდებოდეს ფინეთის ყურეში რუსული სატვირთო გემის დაზიანების გამო მიმდინარე სამაშველო ან მონიტორინგის ოპერაციებს. ფაქტს ფინეთის სასაზღვრო დაცვა იკვლევს.
სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია პოლონეთშიც. პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, რუსული რაკეტები ნოვი ლიპოვეცისა და რუდნიკ ნად სანემში ჩამოვარდა, ხოლო რეაქტიული დრონი მოლოდიჩის ტერიტორიაზე დაეცა. პოლონელი მინისტრი მიიჩნევს, რომ დარღვევები მიზანმიმართულია, რადგან ის ემთხვევა პოლონეთში ბრიტანული და ფრანგული კონტინგენტის მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო წვრთნებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ინციდენტები დაგმო. „ეს ინციდენტი აშკარად საშიშია და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შედეგია“, — განაცხადა რუტემ სოციალურ ქსელ X-ზე. ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთში რუსული საფრენი აპარატების შეჭრა შეაფასა როგორც „შეცდომით“ მომხდარი ინციდენტი.






დისკუსია
0 კომენტარი