საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ქვეყნის პროკურატურა ოფიციალურად იწყებს გამოძიებას ისრაელის სამხედროების მიერ ფრანგი აქტივისტების მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულების შესახებ. საქმე ეხება მიმდინარე თვის დასაწყისში ღაზისკენ მიმავალი „Global Sumud Flotilla“-ს დაკავების ოპერაციას.
თურქეთის პორტ მარმარისიდან გასული ჰუმანიტარული მისია, რომელშიც 40 ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა, ისრაელის საზღვაო ძალებმა 19 მაისს გადაკეტეს. დაკავებულთა შორის 37 საფრანგეთის მოქალაქე იყო. გათავისუფლების შემდეგ, ფრანგმა აქტივისტებმა ისრაელის მხრიდან „უკიდურესად ძალადობრივ“, „დამამცირებელ“ და „დეჰუმანიზებულ“ მოპყრობაზე ისაუბრეს.
რას აცხადებენ დაზარალებულები?
მინისტრ ბაროს თქმით, თურქეთში საფრანგეთის გენერალური კონსულის ანგარიში ადასტურებს, რომ აქტივისტები ექვემდებარებოდნენ სექსუალურ ძალადობას, ცემას, სიცივეში ყოფნას და სისტემატურ დამცირებას. ეს ქმედებები, პარიზის შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას ატარებს.
დაკავებულთა ჩვენებები დეტალურ და მძიმე ფაქტებს აღწერს. 38 წლის მერიემ ჰაჯალმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა მასზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელეს და ბნელ კონტეინერში ჩაკეტეს, სადაც მან გაუპატიურების საფრთხე იგრძნო. სხვა აქტივისტები საუბრობენ ელექტროშოკით წამებასა და ფიზიკურ დაზიანებებზე.
საერთაშორისო რეაქცია
ისრაელის ხელისუფლება ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ფლოტილიის მონაწილეების მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, საფრანგეთი არ არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც ინციდენტის გამო პროტესტი გამოხატა. მინისტრმა ბარომ, რომელიც საერთაშორისო დონეზე მომხდარის მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი საფრანგეთში შესვლის უფლებისგანაც კი შეზღუდა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „Adalah“-ის იურისტების შეფასებით, ეს შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტივისტების მიმართ მოპყრობის ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რაც შესაძლოა წამების კატეგორიასაც კი მიეკუთვნებოდეს. ფლოტილიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკვე დოკუმენტირებულია სექსუალური ხასიათის ძალადობის სულ მცირე 15 შემთხვევა.
საფრანგეთის მთავრობა ამჟამად სამართლებრივი გზით ცდილობს მომხდარის დეტალების დადგენას, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქტივისტების ნაწილი პარიზთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ისინი საფრანგეთს ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.