ჰოლივუდის მსახიობი, ჯეიმს ჰენდი, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. 81 წლის მსახიობს, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა „ჯუმანჯი“ და „Top Gun: Maverick“, გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 911-ში ზარი შევიდა. ზარის ავტორმა განაცხადა: „მე მამაკაცის შვილი ვარ, ახლა მოვკალი ცოდვილი ადამიანი“.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 44 წლის მაიკლ გლედჰილი, რომელიც ჰენდის მეგობარი ქალის შვილია. პოლიციის ცნობით, გლედჰილი დანაშაულის ადგილზევე დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან თავად მიანიშნა პოლიციელებს, რომ სწორედ ის იყო პირი, რომელსაც სამართალდამცველები ეძებდნენ.
ჯეიმს ჰენდი კინოინდუსტრიაში ექვსი ათწლეულის განმავლობაში მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად მეორეხარისხოვან პერსონაჟებს განასახიერებდა, მის ფილმოგრაფიაში არაერთი ცნობილი პროექტია, მათ შორის: „NYPD Blue“, „Law & Order“, „CSI: NY“, „The West Wing“, „The X Files“ და „Murder, She Wrote“.
მისი უკანასკნელი კინოროლი 2022 წლის ფილმ „Top Gun: Maverick“-ს უკავშირდება, სადაც მან ბარმენ ჯიმის პერსონაჟი განასახიერა. ჰენდის გარდაცვალებას კინოსამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მწერალმა და პროდიუსერმა დონ უინსლოუმ მას „შესანიშნავი მსახიობი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა დიდი პატივი იყო.
ამჟამად მაიკლ გლედჰილი ვან ნაისის ციხეშია გადაყვანილი. სასამართლომ მისთვის 2 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო დააწესა. პოლიციის განცხადებით, ეს იყო იზოლირებული შემთხვევა და საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.