ინდოეთის კინოინდუსტრიაში მას უბრალოდ „მაესტროს“ ეძახიან. 83 წლის კომპოზიტორი ილაიარაჯა უკვე 50 წელია, რაც მსმენელს აოცებს. მისი მუსიკა, რომელიც აერთიანებს როგორც ტრადიციულ ინდურ რაგებს, ისე დასავლურ სიმფონიურ ჟღერადობას, დღესაც აქტუალურია.
კარიერის განმავლობაში მან 1000-ზე მეტი ფილმის მუსიკა დაწერა ცხრა სხვადასხვა ენაზე. 1976 წელს ფილმ „ანაკილით“ დაწყებულმა წარმატებამ ის ინდოეთის ყველაზე გავლენიან კომპოზიტორად აქცია. მუსიკოსი თე მ კრიშნას შეფასებით, ილაიარაჯას გამოჩენა გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან მან რადიკალურად განსხვავებული აუდიო-ესთეტიკა შემოიტანა.
ილიაიარაჯას წარმატების საიდუმლო სხვადასხვა ჟანრის სინთეზშია. მან შეძლო, ტამილური ფოლკლორული ტრადიციები დასავლურ კლასიკურ მუსიკასთან — ბახთან, ბეთჰოვენთან და მოცარტთან დაეკავშირებინა. გასულ წელს ის გახდა პირველი ინდოელი, რომელმაც ლონდონის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად საკუთარი სიმფონია შექმნა და შეასრულა.
მისი ცხოვრების გზა ადვილი არ ყოფილა. ღარიბი ოჯახიდან გამოსული მუსიკოსი ბავშვობაში სოფლის ფოლკლორულ სიმღერებზე გაიზარდა. 14 წლის ასაკში სკოლის მიტოვების შემდეგ, ის ჩენაიში გაემგზავრა, სადაც ხშირად მშიერი დადიოდა ფეხით, რათა ავტობუსის ბილეთის ფული დაეზოგა. მუსიკალური განათლება მან დენრაჯ მასტერის ხელმძღვანელობით მიიღო, სადაც გიტარისა და პიანინოს დაკვლა სრულყოფილად შეისწავლა.
1980-იან წლებში, კასეტების ეპოქის დაწყებასთან ერთად, ილაიარაჯას პოპულარობამ პიკს მიაღწია. მისი კომპოზიციები ხშირად ფილმის წარმატების მთავარი მიზეზი ხდებოდა. მაგალითად, 1991 წლის ფილმის, „თალაპათის“ სიმღერა „Rakkamma Kaiya Thattu“ BBC-ის გამოკითხვაში მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პოპულარულ სიმღერად დასახელდა.
დღეს ილაიარაჯა კვლავ აქტიურია. ის მუშაობს ახალ ფილმებზე და ატარებს საერთაშორისო კონცერტებს. ახალი თაობა მის მუსიკას სტრიმინგ-პლატფორმებისა და ვირუსული რემიქსების საშუალებით ეცნობა. გარდა შემოქმედებითი მიღწევებისა, მისი კარიერა სოციალური ბარიერების რღვევის სიმბოლოცაა, რადგან მან შეძლო, დაემარცხებინა კასტური სისტემით დაწესებული შეზღუდვები მუსიკალურ სამყაროში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.