საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ნულოვანი ნარჩენების“ ფორუმს დაესწრო. ღონისძიება, რომელიც თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით გაიმართა, ნარჩენების მდგრადი მართვის პოლიტიკას მიეძღვნა.

ფორუმის გახსნისას დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებს და აღნიშნა, რომ ნარჩენების ეფექტიანი მართვა გარემოს დაცვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. მინისტერიალზე განიხილეს კლიმატის ცვლილების შერბილების გზები და მდგრადი განვითარების პრინციპები.

ღონისძიება თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ გახსნა. შეხვედრის მთავარი თემა სურსათის დანაკარგების შემცირება იყო, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოსავლის აღების შემდგომ ეტაპებზე.

მხარეებმა იმსჯელეს მიწოდების ჯაჭვების ოპტიმიზაციაზე, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და საჯარო-კერძო სექტორებს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რაც სასურსათო სისტემებს უფრო მდგრადს და გამძლეს გახდის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია და თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია იმყოფებოდნენ. ფორუმმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1600-მდე დელეგატი, პოლიტიკოსი, გაეროს სტრუქტურების წარმომადგენელი და აკადემიური წრის წევრი შეკრიბა.